tom soieris tavgadasavali (1).pdf


Preview of PDF document tom-soieris-tavgadasavali-1.pdf

Page 123164

Text preview


ტომ სოიერის თავგადასავალი

თავი პირველი

_ ტომ!
პასუხი არ არის.
_ ტომ!
პასუხი არ არის.
_ რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!
მოხუცმა ცხვირზე ჩამოწია სათვალე და სათვალის ზემოდან მოათვალიერა მთელი ოთახი, მერე
შუბლზე აიწია და ახლა სათვალის ქვემოდან მიიხედ-მოიხედა. სათვალეში თითქმის არასოდეს
იყურებოდა, როცა ეძებდა ისეთ პაწაწკინტელა ნივთს, როგორიც, მაგალითად, ერთი ციცქნა
ბიჭია. ეს სათვალე მისი სიამაყე იყო და უფრო სილამაზისათვის იკეთებდა; იქიდან დანახვა
ისევე შეიძლებოდა, როგორც ქოთნის სარქველიდან. ერთ წამს მოხუცი დაიბნა, შემდეგ კი არც
თუ გაჯავრებით, მაგრამ იმდენად ხმამაღლა, რომ ოთახის ავეჯს გაეგონა, თქვა:
_ ჩამივარდები ერთი ხელში და...
სიტყვა ვერ დაასრულა, დაიხარა და საწოლქვეშ გულმოდგინედ დაიწყო ძებნა ცოცხლით
რაღაცას, თანაც ცოცხლის ყოველ მოსმაზე ჩერდებოდა სულის მოსათქმელად, მაგრამ იქიდან
კატის მეტი ვერაფერი გამოათრია.
_ საძაგელი ბიჭი! ჩემს დღეში მისი მსგავსი არა მინახავს რა!
მივიდა გაღებულ კართან, შეჩერდა და ბაღში დაუწყო თვალიერება პამიდვრის კვლებსა და
ბალახებში. ტომი არსად ჩანდა. მაშინ კი ხმა აიმაღლა და შესძახა:
_ ტომ!
ზურგს უკან რაღაცამ გაიფაჩუნა. მიიხედა და პატარა ბიჭს მკლავში სწვდა, როცა ის გაპარვას
აპირებდა.
_ ერთი ამას დამიხედეთ, სულ დამავიწყდა, საკუჭნაოში შემეხედა! რას აკეთებდი იქ?
_ არაფერს.
_ არაფერს? დაიხედე ხელებზე, შეხედე შენს ტუჩებს! ასე რით მოითხუპნე?
_ არ ვიცი, დეიდა!